დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში დამსაქმებელთა ფორუმი "პარტნიორობა უკეთესი დასაქმებისათვის" გაიმართა. საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია კარგად აცნობიერებს, რომ საზღვაო სფეროში კვალიფიცირებული კადრების მომზადების საქმეში წარმატების მისაღწევად აუცილებელია თანამშრომლობა საზღვაო სფეროში მოქმედ მარეგულირებლებთან, სოციალურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან.
▶ ფორუმის ძირითადი მიზანია: კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება.
▶ გამომდინარე აქედან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში დღეს გამართულ ფორუმს ესწრებოდნენ რეგიონის ბაზაზე არსებული მსხვილი ორგანიზაციის წარმომადგენლები, კერძოდ კი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, , საზღვაო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო/საწვრთნელი ცენტრების, საზღვაო ინდუსტრიაში, აგრეთვე რეგიონის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე წარმატებული დაწესებულებების ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიმღები პირები.
▶ ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს ოფიციალურად მიესალმა ბათუმის სახელწმიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე. სტუმრებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია საზღვაო - საინჟინრი ფაკულტეტისა და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანებმა გააცნეს. პროფესიული მომზადების ცენტრის საქმიანობასა და ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე პრეზენტაცია ცენტრის წარმომადგენელმა გააკეთა, ხაზი გაესვა ამ დარგის აქტუალურობასა და მნიშვნელობას საქართველოს დასაქმების ბაზარზე.
▶ მოხსენება გააკეთა და სამომავლო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრა აჭარის გიდების ასოციაციის პრეზიდენტმა თეონა ზოიძემ და აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებმა.
▶ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლებმა მკვეთრად დასახეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და სურვილი გამოთქვეს უფრო მჭიდროდ ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში.
▶ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს საზღვაო აკადემიის ბაზაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ▶ ფორუმი წელს პირველად გაიმართა და სამომავლოდ მას სისტემატური სახე მიეცემა.
▶ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორატი კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ფორუმში მოწვეულ ორგანიზაციებს მონაწიეობისათვის და ურთიერთთანამშრომლობისათვის.
« უკან |