დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეწვია და შორეული ნაოსნობის კაპიტნებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საზღვაო აკადემიის რექტორი და ამავდროულად შორეული ნაოსნობის კაპიტანი ირაკლი შარაბიძე, რომელმაც მთავრობის თავმჯდომარეს მათ დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ზურაბ პატარაძემ ღვაწლმოსილ კაპიტნებთან შეხვედრისას განსაკუთრებულიხაზი გაუსვა რეგიონისათვის საზღვაო დარგის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებაზე, რომლებიც გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ზურაბ პატარაძის თქმით, მნიშვნელოვანია საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმების მიმართულებით სწორი კონცეფციის შემუშავება, რისთვისაც საზღაო ტრანსპორტის სააგენტოსთან და საზღვაო აკადემიასთან ერთად უნდა განხორციელდეს ქმედითი ნაბიჯები.
„მინდა უდიდესი პატივისცემით დიდი მადლობა გადავუხადო თითეულ მეზღავურს, ლექტორ-მასწავლებელს და შორეული ნაოსნობის კაპიტნებს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილის შეტანისათვის. ცნობილია, საქართველოში 9 000-მდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღობასთან“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
შორეული ნაოსნობის კაპიტნებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაისვა სხვადასხვა საკითხი, რომელთა გადაჭრის გზებზე აჭარის მთავრობა საზღვაო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს.
« უკან |