„ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი სახელწოდებით: „პროფესიული განათლების ფესტივალი” კონფერენციას დაესწრო. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი, ესტონეთის განათლებისა და კვლევების პროფესიული და ზოგადი განათლების გენერალური დირექტორი მარტ ლაიდ მეტსი, პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰელეო პოლლო, ფონდ "Innove"-ს დირექტორი ლეა ორო და სხვა ოფიციალური პირები.
ღონისძიება 6 და 7 ოქტომბერს ესტონეთის ფონდ „INNOVE“-ს ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში ტარდება და მასში ესტონეთის 30 კაციანი დელეგაცია, საქართველოსა და ესტონეთის 16 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობენ, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული გადამზადების ცენტრი.
ორ ქვეყანას შორის ათწლიანი წარმატებული პარტნიორობის ფორმატში, კონფერენციაზე მხარეებმა პროფესიული განათლების კუთხით, პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„პროფესიული განათლების ფესტივალზე“ მოეწყო ქართულ-ესტონური საგამოფენო სივრცე, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრები გამოიფინა.
« უკან |