ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მეზღვაურებს სერტიფიკატების აღიარება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მეზღვაურებს სერტიფიკატების აღიარება მიულოცა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მისალოცშია აღნიშნული, ევროკომისიის კომიტეტზე, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროკავშირის მიერ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარებას.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დადებითად აისახება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯზე. ეს იმას ნიშნავს, რომ 18 000-მდე ჩვენს მეზღვაურს მიეცა უფლება და შესაძლებლობა, დასაქმდეს ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.
ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარება გულისხმობს, რომ საქართველოში არსებული მეზღვაურთა განათლების სისტემა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზღვაურები ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, ქართველი მეზღვაურები ისევე დაფასებული და დაცული იქნებიან, როგორც მათი ბრიტანელი, ფრანგი და ამერიკელი კოლეგები. ვულოცავ ჩვენს მეზღვაურებს ამ აღიარებას!", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ მიმართვაში.
« უკან |