ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ონლაინ ფორმატში სტუდენტური კონფერენცია გამართა.
სტუდენტური კონფერენციის გახსნით ნაწილში მონაწილეებს ოფიციალური სიტყვით მიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ. მან ხაზი გაუსვა კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობას საზღვაო აკდემიის განვითარების თვალსაზრისით. “ საზღვაო აკადემიამ უკვე მკაფიოდ აიღო მიმართულება ინტერნაციონალიზაციის კუთხით დ ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სადოქტორო პროგრამის დანერგვაზე, ამიტომ აუცილებელია მივიღოთ მონაწილეობა სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით არსებულ აქტივობებში. ჩვენ, როგორც სასწავლებელს, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საქართველოში საზღვაო სფეროს განვითარების კუთხით და შესაბამისად, რაც შეიძლება მეტი კვლევა უნდა ვაწარმოოთ და ერთად შევუწყოთ ხელი ჩვენი ქვეყნის საზღვაო პოტენციალის განვითარებას“- აღნიშნა საზღვაო აკადემიის რექტორმა.
სტუდენტური კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძემ და ხაზი გაუსვა კვლევითი საქმიანობის გაძლიერების მნიშვნელობას იმისათვის, რომ საერთაშორისო დონეზე ქვეყანამ შეძლოს საზღვაო სფეროში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვა. ამ მიმართულებით მან ისაუბრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტს შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე.
“ მნიშვნელოვანი წარმატებაა ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტთან, რადგან ის არის მსოფლიო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) -ს შემადგენელი ნაწილი და საზღვაო განათლების მსოფლიო ცენტრი. შესაბამისად, თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა საერთაშორისო დონეზე მივიღოთ მონაწილეობა საზღვაო განათლების და ზოგადად საზღვაო სფეროს განვითარების პროცესში“. ამასთან ერთად, ივანე აბაშიძემ ხაზი გაუსვა საზღვაო აკადემიაში სადოქტორო პროგრამის დანერგვის მნიშვნელობას. „აღსანიშნავია, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას გააჩნია განვითარების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამის დანერგვას, ამ თვალსაზრისით საზღვაო აკადემია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კვლევითი პროექტების განხორციელებას და ერთიანობაში საქართველოს საზღვაო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას“- განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მოადგილე ივანე აბაშიძემ.
ონლაინ კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა მოხსენებები წარადგინეს საზღვაო სფეროს ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა:
საქართველოს ექსპორტის დინამიკა ევროკავშირის ქვეყნებში;
გადაზიდვების მოცულობათა დაგეგმვა ტრანსპორტის მინიმალური ხარჯის გათვალისწინებით;
წყლის რესურსები და მისი გამოყენების საზღვრები;
ბათუმის სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ სისტემაში არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები;
სანაოსნო კომპანიის ფინანსები;
თერმული გამოსახულების კამერებისა და ხმის ამომცნობი სისტემის გამოყენება COLREGS-სთვის;
საზღვაო მეკობრეობა, როგორც თანამედროვე ნაოსნობის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა და საერთაშორისო საზღვაო სამართალი;
საზღვაო ტურიზმის განვითარების ტენდენციები საქართველოში;
გემების გამონაბოლქვი აირების გამწმენდი დანადგარები;
ტურისტული ბიზნესსესხების მდგომარეობა, გლობალური პროცესების გავლენა ეკონომიკაზე და სხვ.
თითოეული მოხსენება ონლაინ რეჟიმში კონფერენციის მონაწილეებმა სარედაქციო და საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან ერთად აქტიური დისკუსიის ფორმატში განიხილეს.
« უკან |