როგორც ყველასთვის ცნობილია, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა თუ პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებაში. სასწავლებელმა გაიარა ავტორიზაცია, პროგრამული აკრედიტაცია და ის დღეს საერთაშორისოდაა აღიარებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების მიმართულებით.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საგანმანათლებლო პროცესი იმართება არა მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლების, არამედ მოქმედი მეზღვაურების მიერ - კაპიტნების, უფროსი მექანიკოსების თუ სხვა მაღალი რანგის მქონე მეზღვაურებით. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მეზღვაურების ჩართულობას სასწავლო პროცესში.
2014 წელს, საზღვაო აკადემიაში მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებითა და საერთაშორისოდ აღიარებული სასწავლო სიმულატორებით. აღნიშნულმა ცენტრმა არა-ერთი საერთაშორისო აღიარება მიიღო, რისთვისაც პერმანენტულად საჭიროა სიმულატორების განახლება, პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციების ამაღლება, რამაც კურსის საფასურის ცვლილება გამოიწვია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის დიდი ძალისხმევით ეს ცვლილება აკადემიის სტუდენტებს არ შეხებიათ.
ძვირფასო მეზღვაურებო, ვისაც აღნიშნულ კურსებთან ან კურსის საფასურთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ მოხვიდეთ საზღვაო აკადემიის ტრენინგ ცენტრში ან ადმინისტრაციულ შენობაში, მაქსიმალურად შევეცდებით ამომწურავად გიპასუხოთ მივიღოთ რეკომენდაციები და რჩევები თქვენგან.
ქართველი მეზღვაური ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული დიპლომატიით, მეგობრული დამოკიდებულებით და ერთმანეთის თანადგომით, ყველას მოგიწოდებთ თავი შევიკავოთ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფებისგან, პირიქით ერთად დავდგეთ და ერთად ვიზრუნოთ საზღვაო სფეროს განვითარებაზე, რომლის მიღწევა თქვენი გამოცდილების გარეშე შეუძლებელია. გვინდა გისურვოთ ბედნიერი ნაოსნობა და წარმატებები.
გახსოვდეთ რომ ჩვენი კარი თქვენთვის მუდამ ღიაა.
« უკან |