დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში კონფერენციას -„ჩვენ პროფესიონალები ვართ“ უმასპინძლა.
კონფერენცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. 16 მილიონიანი პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია განავითაროს და აამაღლოს პროფესიული განათლების ხარისხი საქართველოში ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების შესაბამისად.
აჭარაში ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის არსებული შესაძლებლობები და განისაზღვრა სამომავლო სტრატეგია, რაც პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობას შეუწყობს ხელს.
აღნიშნულ კონფერენციას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი Pearson Education Limited, ასევე კერძო სექტორის, პორტების, საკრუინგო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამავე დღეს, საზღვაო აკადემიაში პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში გაიმართა ღია კარის დღე. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს გაცნობოდა, განახლებული ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები დაეთვალიერებინათ, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, საქართველოს მთავრობისა, და კერძო სექტორის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნა.
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით და მიისწრაფვის განავითაროს და აამაღლოს პროფესიული განათლების ხარისხი საქართველოში ინდუსტრიისა და დამსაქმებლთა მოთხოვნების შესაბამისი ახალი პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავების ხელშეწყობის გზით.