23 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ჩამოდგა ქ. ბათუმის (საქართველო) პორტში, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება. ოფიციალური ცერემონიით გემს საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები და სტუდენტები დახვდნენ. ოფიციალური დახვედრის შემდეგ, საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა დაათვალიერეს გემი.
იტალიური გემის კაპიტანი, იტალიის საელჩოს წარმომადგენლები, გემის კურსანტები გაცნობითი ხასიათის ვიზიტით საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში იმყოფებოდნენ. მათ გაეცნენ სასწავლო პროცესსა და დაათვალიერეს აქ არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.
გემი "Palinuro" ჩართულია 54-ე საწრთვნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის "Kratos"-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო გამოცდილებასა და საზღვაო სფეროს სპეციალისტების შემდგომი დასაქმებისათვის აუცილებელ და სათანადო პროფესიულ ჩვევებს.
გემი ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ, შემოვა ბათუმში, საიდანაც გაემგზავრება კეფალონიაზე და ამის შემდეგ დაბრუნდება იტალიაში, ჯერ რეჯო კალაბრიაში, შემდგომ კი ლივორნოში, სადაც დასრულდება კურსანტების საწრთვნელი კამპანია.
2018 წლის საწრთვნელი კამპანიის განმავლობაში გემზე "Palinuro" აღმართულია ქ. გენუის გასლინის პედიატრიული ინსტიტუტის დროშა, რომელიც ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გემს ქ. სპეციაში 17 მაისს საჩუქრად გადასცა.
« უკან |