მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად - 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) გამოაცხადა. ამ დღეს მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ჩართულობით 25 ივნისი ბათუმში 8 წელია მასშტაბურად აღინიშნა.
25 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც ბათუმში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიმართეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი გემი „კადეტი“, რომელმაც კიდევ უფრო ეფექტური გახადა საზღვაო საქმის სწავლება, რადგან ამით საზღვაო პრაქტიკის გავლა აკადემიის სტუდენტებს უშუალოდ ბათუმში შეუძლიათ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდოთი, ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის მეზღვაური და მზარეული, სოსლან კაკაბაძე დააჯილდოვა, რომელიც სამი წელი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა ლიბიის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.
გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა ნავსადგურის კაპიტნები - თენგიზ გადილია, ვახტანგ თავბერიძე და ნიკოლოზ ოვჩარენკო, ხოლო გარდაცვლილი კაპიტნის, შაქრო ვარშანიძის ჯილდო მის ვაჟს გადასცა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო აკადემიის მე-4 კურსელებისთვის დიპლომების გადაცემის პროცესში.
ცერემონიის დასასრულს, აკადემიის სტუდენტებმა გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების მიზნით, ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სიმულატორების ოთახი გახსნა, რომელიც თხევადი ტვირთების გემებზე დასაქმებული სპეციალისტების მომზადებას მოემსახურება. მინისტრს მეგზურობა აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ გაუწია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ახალი სიმულატორები კიდევ ერთი დამატებითი სერვისი იქნება როგორც ქართველის სტუდენტებისთვის, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სპეციალისტებისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა ექნებათ, აქ გაიარონ მაღალკვალიფიციური ტრენინგები.
ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას, გიორგი ჩერქეზიშვილი ასევე გაესაუბრა აკადემის პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთაც მეზღაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
« უკან |