საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი 2017/2018 სასწავლო წელი დაიწყო. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. საზღვაო აკადემიაში ორი მიმართულებით ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესი: საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. ამჟამად აკადემიაში დაახლოებით 2200 სტუდენტი სწავლობს. სასწავლო წლის საზეიმო ცერემონიალი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ საზეიმოდ გახსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე ესწრებოდნენ. წელს, საზღვაო აკადემიას არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩა. 2016/2017 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული 575 ვაკანტური ადგილიდან 575-ივე შეივსო. ყველაზე დიდი მოთხოვნა ნავიგაციისა და ლოჯისტიკის სპეციალობებზე დაფიქსირდა. ამავე დღეს გაიხსნა „საკრუიზო ტურიზმში კომპეტენციათა რეგიონული ცენტრი. აღნიშნული ცენტრი პირველად იხსნება და ერთადერთია საქართველოში. იგი ძირითადად სამი მიმართულებით იმუშავებს: განათლების, კონსალტინგისა და კვლევების კუთხით. კომპეტენციათა ცენტრის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს საქართველოში საკრუიზო ტურიზმის განვითარებას და ზოგადად ტურიზმის მომიჯნავე სხვა დარგების განვითარებას. ძირითად მიმართულებას წარმოადგენს რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესწავლა და მისი ეფექტური გამოყენების შესაძლებლობების გამოვლენა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყებას და ნაყოფიერ და წარმატებულ წელიწადს ვუსურვებთ!!!
« უკან |